English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘
ხსოვნა ნათელი

 2019 წლის 15 სექტემბერს 78 წლის  ასაკში,  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ   გარდაიცვალა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ­სიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი კლიმენტი აჩელაშვილი.

 კლიმენტი აჩელაშვილი დაიბადა 1941 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთე­ლიაში. 1958   წელს   ვერცხლის მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან მან სწავლა გააგრძელა   ამავე უნივერსიტეტის   ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1962 წელს, როგორც წარჩინებული და   პერსპექტიული სტუდენტი, გაიგზავნა   ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო   უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე   სასწავლებლად.

 1965 წელს კლიმენტი აჩელაშვილმა წარმატებით დაამთავრა აღნიშნული უნივერ­სიტეტი   სპეციალობით -   ეკონომიკური კიბერნეტიკა.  მისი სადიპლომო ნაშრომი იმდენად საინტერესო   იყო, რომ კვლევის   ძირითადი შედეგები სტატიის სახით გამოქვეყნდა მაღალ რეიტინგულ   ჟურნალში - „ეკონომიკა  და   მათემატიკური მეთოდები“. იმავე წელს, რეკომენდაციის   საფუძველზე, კლიმენტი აჩელაშვილს   საშუალება  მიეცა სწავლა გაეგრძელებინა  ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის ან  ნოვოსიბირსკის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. ახალგაზრდა კურსდამთავრებულმა უპირატესობა   ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტს მიანიჭა, რომლის რექტორი იმ დროისთვის იყო საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი  ილია ვეკუა. დაამთავრა რა წარჩინებით აღნიშნული უნივერსიტეტის ასპირანტურა, კლიმენტი აჩელაშვილმა მუშაობა დაიწყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ეკონომიკის ინსტიტუტში, ამასთანავე, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1972 წელს აკადემიკოს ალექსანდრე გრანბერგის ხელმძღვანელობით,  მან წარმატებით დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია.      

კლიმენტი აჩელაშვილის შემდგომი კარიერა მთლიანად დაკავშირებული იყო სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან. 1973 წელს, საქართველოს საშუალო და უმაღლესი განათლების სამინისტროს მოწვევით, მან მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრაზე. 1980 წელს მან მიიღო დოცენტის წოდება, 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „დარგთაშორისი და რეგიონთაშორისი მატერიალურ-ნივთობრივი კავშირების ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება“, ხოლო 2000 წელს მიიღო პროფესორის წოდება;  1991 წელს, კონკურსის საფუძველზე არჩეულ იქნა აღნიშნული  კათედრის გამგის თანამდებობაზე და მას ხელმძღვანელობდა 2006 წლამდე. ამ პერიოდში, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოისაპოვებლად, მისი  სამეცნიერო ხელმძღვანელობით, დაცული იქნა არაერთი დისერტაცია.

პროფესორ კლიმენტი აჩელაშვლის  აღზრდილია  წამყვანი ეკონო­მისტების მთელი პლეადა, მათ შორის გამორჩეული მეცნიერები: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი გივი ბედიანაშვილი, პროფესორი გიორგი წერეთელი და სხვა.  

პროფესორი კლიმენტი აჩელაშვილი 40 ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეკონომიკისა და მათემატიკის თანაკვეთაზეა შესრულებული და ეკონომიკის აქტუალური საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრის გამოკვლევას ეძღვნება. 2004 წელს, ქართველ ეკონომისტთა ჯგუფთან ერთად, პროფესორი კლიმენტი აჩელაშვილი გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში-ნაშრომთა ციკლისათვის  „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“. 2003 წელს  მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ის დაჯილ­დოცდა ღირსების ორდენით და 2016 წელს - ივანე ჯავახიშვილის მედლით.

გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას პროფესორ კლიმენტი აჩელაშვილის გარდაცვალების გამო და ვუთანაგრძნობთ მის  ოჯახს და ახლობლებს. იგი სამუდამოდ დარჩება ახლობ­ლების, მეგობრების, კოლეგების, მისი აღზრდილებისა და სტუდენტების მეხსიერებაში როგორც კეთილშობილი, თავმდაბალი,  სიცოცხლის მოყვარული და საიმედო  პიროვნება, რომელიც თავისი  საქმიანობის უსაზღვროდ ერთგული იყო.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი